ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სია, სადაც იმ უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებთანაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საზღვრების გახსნა შეუძლიათ, სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ეს მათთვის ვალდებულება არ არის - ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ავსტრიამ, შვედეთმა, დანიამ და ბულგარეთმა რეკომენდაციის მიუხედავად საზღვარი არცერთ რეკომენდებულ ქვეყანასთან არ გახსნა.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთაც რეკომენდაციის გათვალისწინების გადაწყვეტილება მიიღეს, მოლაპარაკებები დაწყებულია და საბოლოო გადაწყვეტილება საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ორმხრივად იქნება შეთანხმებული. დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ასეთი ქვეყნებია გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და უნგრეთი.
"ჩვენ ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე მყისიერად შევედით კომუნიკაციაში ყველა ევროპულ დედაქალაქთან, რადგან გადაწყვეტილება არ არის სავალდებულო ხასიათის, ის სარეკომენდაციო ხასიათისაა და ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ამ დასახელებული 15 ქვეყნიდან, ვისთან როგორი რეჟიმი დააწესოს.
რამდენიმე ქვეყანამ, მაგალითად ავსტრიამ, საერთოდ არ გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაცია და დასახელებულ 15 ქვეყანას, არცერთს არ გაუხსნა თავისი საზღვრები.
ბუნებრივია, ჩვენი გადაწყვეტილება ამ ქვეყნებთან მიმართებაში იქნება სარკისებური - ანუ, ნაცვალგების პრინციპზე. რა გადაწყვეტილებასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყნებთან მიმართებაში იქნება შესაბამისობაში მათ გადაწყვეტილებასთან,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.