კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები სტუდენტების მისაღებად ემზადებიან. სასწავლებლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ირმა გრძელიძე განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, თსუ მზად არის მთელი ზაფხულის განმავლობაში როგორც პროფესურას, ასევე ტექნოლოგიების თვალსაზრისით დამატებითი მხარდაჭერა გამოუცხადოს.
"ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ მთელი ზაფხულის განმავლობაში ვგეგმავთ გარკვეული დამატებითი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ როგორც პროფესურას, ასევე ტექნოლოგიების თვალსაზრისით მთელ რიგ ღონისძიებებს და სტრატეგიის შემუშავებას იმ შემთხვევისთვის, თუ კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება განსხვავებული და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ სიტუაციას," - განაცხადა თსუ-ს წარმომადგენელმა ირმა გრძელიძემ.
როგორც "გაუ-ს" განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, უნივერსიტეტს დაახლოებით 2 000 სტუდენტის მიღება შეუძლია, თუმცა დისტანცირების დაცვის მიზნით, ზღვარს 1 500-მდე ინარჩუნებენ.
"ჩვენი ინფრასტრუქტურა არის სრულად ადაპტირებული. ჩვენ დაახლოებით 2 000-ს სტუდენტზე გვაქვს ავტორიზაცია, თუმცა ვცდილობთ, რომ არ ავითვისოთ ეს რაოდენობა. დაახლოებით ვინარჩუნებთ ხოლმე 1 500-მდე სტუდენტს, რაც სწორედ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ დისტანცირება სასწავლო პროცესში. ვგულისხმობ იმას ,რომ არ იყოს გადატვირთული აუდიტორიები და სრულად ვადაპტირდეთ იმ რეგულაციებიდან, რომელიც შესაძლოა იყოს მომდევნო სასწავლო წლისთვის," - განმარტა "გაუს" განვითარების სამსახურის უფროსმა გია ჩქოფოიამ.