60 წლის მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში ციმბირულ წყლულზე მკურნალობს. ის თიანეთის რაიონიდან თბილისში მაღალი ცხელებითა და ორგანიზმის ინტოქსიკაციით გადმოიყვანეს. მამაკაცი ინფექციით ცხოველთან შეხების შედეგად დაავადდა.
ციმბირული წყლულის გავრცელების კერა მცხეთა-მთიანეთის რეგიონია. ადამიანის დაინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფელ ტუშურებშიკარანტინი გამოაცხადა. 2 კვირიანი აკრძალვა ხორცისა და რძის პროდუქტის რეალიზაციას უკავშირდება. სოფლის მაცხოვრებლები კი ვალდებულები არიან ყველა შინაური ცხოველი აცრან. ამის პარალელურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები,
კიდევ ერთი დაავადება, რომელსაც ძირითადად ცხოველებში ვხვდებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც გავრცელდა. ახალციხის რაიონში პირუტყვთან შეხებისა და რძისა და ყველის საკვებად გამოყენების შედეგად ვირუსული ინფექციით ადამიანებიც დაავადდნენ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, სოფელ ივლიტაში ყირიმ-კონგოს ვირუსით 3 მაცხოვრებია დაავადებული. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ დაავადებულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
ამ დროისთვის, ყირიმ-კონგოსა და ციმბირული წყლულით დაავადებულ 2 პაციენტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მათი მდგომაროება ამ დროისთვის მკურნალობას ექვემდებარება და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მხოლოდ ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ცხოველებში გავრცელებული ვირუსით დაავადებულმა 12-მა პაციენტმა მიმართა.
ვირუსული დაავადების სირთულიდან გამომდინარე, დაგვიანებული მიმართვიანობის მიზეზით მკურნალობა შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ერთი ასეთი შემთხვევა სეზონის დაწყებიდან მალევე დაფიქსირდა. ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული 1 პაციენტის გადარჩენა ინფექციურ საავადმყოფოში ვერ მოახერხეს.