19 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
"კურიერმა" შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენება მოიპოვა, სადაც ჩხუბის დეტალებზეა საუბარი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "კურიერმა" მოწმეების ახალი ჩვენებები მოიპოვა. ახალგაზრდები, რომლებიც მცხეთის აგარაკზე იმყოფებოდნენ, გამოძიებას მომხდარის საკუთარ ვერსიაზე უყვებიან, როდის და რა გარემოებაში ნახეს მათ გიორგი შაქარაშვილი და შემდეგ უკვე, როდის გაიგეს მათ ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ.

მოწმეები არიან გოგოები, რომლებიც იუბილარ ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. "კურიერმა" მოიპოვა ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგოს ჩვენება, სადაც ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ მეორე დღეს შეიტყო.

"როდესაც მივედით დაბადების დღეზე მე და ჩემი მეგობარი, სახლში დაგვხვდა ანა და მისი სტუმრები, რომელთაგანაც ყველა იყო ჩემთვის უცნობი. ისინი იყვნენ ალკოჰოლური სასმლის თრობის ქვეშ.

მას შემდეგ რაც მე და ჩემი მეგობარი მივედით დაბადების დღეზე, იქ ეტაპობრივად მოდიოდნენ სტუმრები და ასევე, დაბადების დღის წვეულებაზე მოვიდნენ ჩემი მეგობრები, გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი. იქნებოდა დაახლოებით 23:05 საათი, როდესაც მე მოვრჩი ტელეფონში თამაშს და როდესაც მიმოვიხედე, სახლში არავინ იყო და ყველა გარეთ იყო გასული, რა დროსაც მე შემომესმა სახლის ეზოდან ჩხუბის ხმა და, ვინაიდან, მე მეშინია აღნიშნული სიტუაციების, გარეთ არ გამიხედავს და არ ვიცი, კონკრეტულად ვინები ჩხუბობდნენ.

მე მაშინვე დავურეკე მამაჩემს, რომელმაც მომაკითხა მალევე და წავედი სახლში. ჩემთვის უცნობია, თუ ვის შორის მოხდა ჩხუბი. გიორგი შაქარაშვილი ჩემთან კავშირზე არ გამოსულა მას შემდეგ, რაც იგი გაუჩინარდა,"- ნათქვამია ჩვენებაში.

დღის ამბები