19 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ზეთი, შაქარი და რძე გაძვირდა, მარცვლეულსა და ხორცზე კი ფასები შემცირდა - რამ გამოიწვია ფასების რყევა

მცენარეული ზეთი ერთ-ერთია იმ 5 პროდუქტიდან, რომლის ფასიც ივნისში გაიზარდა. 10 პროცენტზე მეტითაა მომატებული შაქრის ღირებულებაც. გასული თვის ფასების ინდექსი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გამოაქვეყნა. FAO-ს მონაცემებით, ივნისში 10 პროცენტზე მეტითაა მომატებული შაქრის ღირებულება, ასევე 4 პროცენტითაა გაძვირებული რძე და რძის პროდუქტებიც. ორგანიზაციის განმარტებით, ზრდა ამ სეგმენტში ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია, რასაც, FAO-ს ცნობითვე, დაემატა პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპასა და ოკეანიაში.

ზრდის პარალელურად, FAO-ს ინფორმაციით, COVID- 19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთი პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე, ფასები შემცირდა. ორგანიზაციის განმარტებით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის, ასევე 0.6%-ით იკლო მარცვლეულის ფასების ინდექსმაც. ხორცის შემთხვევაში მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება, ხორბლის შემთხვევაში, მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალი.

FAO-ს მონაცემების გამოქვეყნებას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ივნისის თვის ფასების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაც დაემთხვა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში გასულ თვეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 13.6 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ხილი და ყურძენი 46,5 პროცენტით გაძვირდა, ყველი და კვერცხი 17, 2 პროცენტით, თევზეულის ფასმა 15,8 პროცენტით მოიმატა, ყავის, ჩაის და კაკაოს ფასმა 14.8 პროცენტით. 13, 5 პროცენტიანი ზრდა გვაქვს ზეთისა და ცხიმის ფასში, ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირებულია 13,1, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 12.6 პროცენტით, 10 პროცენტიანი მატებაა პურსა და პურპროდუქტებში. 9,3 პროცენტით გაიზარდა მინერალურისა და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ფასი.

ამ ორი ფაქტორის გარდა, ფასების რყევებისა და მატების მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში პანდემიასა და კოვიდ-19-ის გამო შექმნილ ახალ რეალობასაც ასახელებენ, რაც, მინისტრის მოადგილის შეფასებით, ტურისტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებასა და ბიზნესის ფრთხილ მიდგომას ითვალისწინებს, რამაც, ზოგ შემთხვევაში, მიწოდების მოცულობა, ზოგ შემთხვევაში კი - მოთხოვნა შეამცირა. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ვირუსის პირველ ეტაპზე დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით, გარკვეული პროდუქტების ღირებულება შემცირებულია. სამინისტროში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ქვეყანაში თავისუფალი პრინციპი მოქმედებს და ფასწარმოქმნაში სახელმწიფო განსაკუთრებული შემთხვევების გარდა არ ერევა.

სეზონურობა, ექსპერტთა ნაწილისთვის სურსათის გაძვირების მიზეზი არ არის. ანალიტიკოსებისთვის ფასების მატებას უფრო კომპლექსური საფუძველი აქვს. მათ შორის ასახელებენ, როგორც საერთაშორისო ფაქტორებს, ასევე - ლარის კურსის გაუფასურებასა და შიდა ბაზარზე სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზებსაც.
სურსათის მარაგების დეფიციტის რისკს ქვეყანაში ვერ ხედავენ ვერც ოფიციალურ და ვერც ექსპერტულ წრეებში. თუმცა, ამბობენ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად კოვიდ-19-ის გავლენები ეკონომიკაზე, მათ შორის სურსათსა და ფასწარმოქმნაზე კვლავ იქნება.

დღის ამბები