19 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, სტიქიასთან გასამკლავებლად სრულყოფილი პრევენციული მექანიზმები ისევ არ არსებობს

დოკუმენტი, რომელიც აუდიტის ეროვნულმა სამსახურმა შეისწავლა, ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების შემცირების სტრატეგიას განსაზღვრავს.

რამდენიმეთვიანი რევიზიის შემდეგ მკვლევარებმა საგანგებო სიტუაციაში დროული რეაგირებისა და კატასტროფაზე პრევენციის მიზნით შექმნილ სახელმწიფო დოკუმენტში ხარვეზები გამოავლინა.

აუდიტორები სამწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის შეუსრულებლობაზე მიუთითებენ დოკუმენტში.

აუდიტორებმა ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების კუთხით მუნიციპალური სამსახურების საქმიანობაც შეისწავლეს. სახელმწიფო საქმიანობის კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ რეგიონული სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობის ეფექტიან პრევენციას და მსგავსი შემთხვევების დროს მზად არასდროს არიან. დასკვნის მიხედვით, არც ერთ მუნიციპალიტეტში რისკის და საგანგებო მართვის გეგმები დამტკიცებული არ არის.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს არ იზიარებენ მუნიციპალიტეტებში. სამხარეო სამსახურებში აცხადებენ, რომ სტიქიის პრევენციის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ ბევრი პროექტი ხორციელდება. იწმინდება ხევები, სუფთავდება წყლის არხები და შენდება სტიქიის შემაკავებელი ჯებირები.

აუდიტის დასკვნაში უწყებების კოორდინირებული საქმიანობის მიმართულებით გამოვლენილ ხარვეზებს არც სამუშაოს შესრულებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებში ეთანხმებიან. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მხოლოდ გასულ წელს სტიქიის პრევენციისთვის ქვეყნის მასშტაბით 148 პროექტი განხორციელდა და მის ბიუჯეტმა 17 მილიონ ლარს შეადგინა.

მწვავე დასკვნასთან ერთად აუდიტორებმა სახელმწიფო სამსახურებს კატასტროფების მართვის კუთხით არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის, სპეციალური რეკომენდაციებიც მისცეს.

დღის ამბები