09 აგვისტო 2020,   18:02
ვრცლად
სურამში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა

სურამში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული ი.ქ. ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს - თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები