27 დეკემბერი 2024,   07:48
ვრცლად
მუხრანში მომხდარი დანაშაულის ვერსიები - პაპისა და მამის მკვლელობისთვის სავარაუდო ბრალდებულის დედა "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს

უკვე რამდენიმე საათია პოლიცია ორი ადამიანის მკვლელობაში დამნაშავეს ეძებს. ცხედრებზე არსებულ სასიკვდილო ჭრილობებს კი, რომელიც ცივი იარაღით არის მიყენებული, ექსპერტიზა სწავლობს.

პარალელურად "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს პაპისა და მამის მკვლელობისთვის სავარაუდო ბრალდებულის გიორგი ოკინაშვილის დედაც. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მან ნახა შვილი ბოლოს, მას შემდეგ, რაც 28 წლის ახალგაზრდამ მძიმე დანაშაული ჩაიდინა.

ძებნილის დედა გავრცელებულ ინფორმაციებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით უარყოფს და ამბობს, რომ ეს ვერსიები არ შეესაბამება სიმართლეს.

"მცხეთა-მთიანეთის პოლიციის უფროსთან ვრეკავ, რომ უნდა მოშორდეთ აქედან... გეუბნებით წადით, არასწორია," - განაცხადა გიორგი ოკინაშვილის დედამ.

"კურიერი" ასევე ესაუბრა გარდაცვლილების ნათესავს. როგორც ნათესავი აცხადებს, დაახლოებით 20 წლის წინ გარდაცვლილმა პაპამ მისი მეუღლე მოკლა, რაზეც პასუხი არ აგო.

დღეს "კურიერი" გაეცნო იმ განკარგულებას, რის საფუძველზეც გიორგი ოკინაშვილი 2020 წლის 29 ივნისს გამოუშვეს საპატიმროდან. განკარგულებას სოციალური მუშაკი აწერს ხელს. გათავისუფლების მიზეზად დოკუმენტში წერია, რომ ოკინაშვილი გათავისუფლების შემდეგ მუშაობას დაიწყებდა.

სოფელ მუხრანში, 28 წლის გიორგი ოკინაშილმა მამა და პაპა სასიკვდილოდ სავარაუდოდ შურისძიების მოტივით გაიმეტა."კურიერმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდამ პაპას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები