07 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
"მე კინაღამ საკუთარი შვილი მოვკალი" - კანიე უესტის საპრეზიდენტო კამპანიის ხმაურიან დასაწყისს ცოლი, კიმ კარდაშიანი ეხმაურება

ამერიკელმა რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ქმრის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, ამის შესახებ CNN წერს. 

კანიე უესტი აპირებს, ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი იყაროს.

რეპერმა საპრეზიდენტო კამპანია ჩრდილოეთ ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში სამი დღის წინ დაიწყო - სიტყვით გამოსვლისას მან ემოციურად ისაუბრა საკუთარ რწმენაზე, გარდაცვლილ დედასა და ოჯახზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აბორტზეც, რა დროსაც მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. უესტმა აღნიშნა, რომ მასზე ორსულობის დროს მშობლები აბორტს განიხილავდნენ, რადგან "მამა ძალიან დაკავებული იყო".

რეპერმა მისი ცოლის ორსულობაზეც ისაუბრა.

"მე კინაღამ საკუთარი შვილი მოვკალი," - განაცხადა უესტმა ემოციური გამოსვლისას და დასძინა, რომ მას სურდა, კიმ კარდაშიანს აბორტი გაეკეთებინა.

კანიე უესტის თქმით, აბორტის გაკეთება ნებადართული უნდა დარჩეს, თუმცა დაწესდეს ჯილდო დედებზე, ვინც ამ გზას არ მიმართავენ :

"ყველა დედამ უნდა მიიღოს მილიონი დოლარი, ვინც აბორტს არ გაიკეთებს," - განაცხადა მან.

გამოსვლას სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ უამრავი ადამიანი შეაშფოთა.

"ინსტაგრამის" პოსტში კარდაშიანმა აღნიშნა, რომ უესტს ბიპოლარული აშლილობა აქვს და ბევრისთვის ეს ძალიან რთულად აღსაქმელია.

"არასოდეს მისაუბრია, რა გავლება მოახდინა ამ ყველაფერმა ჩვენზე, ოჯახში, რადგან ძალიან ვიცავ ბავშვებს და კანიეს კონფიდენციალობას, როდესაც საქმე მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება," - წერს კარდაშიანი.

მისი თქმით, უესტი არაჩვეულებრივი, თუმცა - რთული ადამიანია და ყურადღება გაამახვილა სირთულეებზე, რომელთან გამკლავებაც მის ქმარს მოუხდა - მათ შორის, დედის, დონდა უესტის გარდაცვალება 2007 წელს.

"მესმის, რომ კანიე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან საჯარო ფიგურაა და მისი მოქმედებები ხშირად იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ის შესანიშნავი ადამიანია, თუმცა საკმაოდ რთული. ის ხშირად არის ზეწოლის ქვეშ, როგორც ხელოვანი და ფერადკანიანი მამაკაცი, რომელმაც მტკივნეულად გადაიტანა დედის გარდაცვალება. კანიეს უწევს გაუმკლავდეს ზეწოლასა და იზოლაციას, რასაც კიდევ უფრო ამწვავებს ბიპოლარული აშლილობა," - აღნიშნავს კიმ კარდაშიანი.

რეპერის ცოლი ამბობს, რომ ხშირად, უესტის ნათქვამი მის ნააზრევს არ ემთხვევა.

მუსიკოსთან დაახლოებული წყარო CNN-თან ამბობს, რომ კანიეს მეგობრები და გუნდი შეშფოთებულები არიან მისი მდგომარეობით. მისივე ინფორმაციით, უესტის ფსიქიკური მდგომარეობა ექიმმა შეამოწმა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ამ ეტაპზე, არ დგას.

წყაროს არ გაუკეთებია კომენტარი რეპერის განცხადებებზე ოჯახისა და ქორწინების შესახებ.

დღის ამბები