18 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ურთიერთობები აშშ-სთან - მთავრობა "ფრონტერასთან" კომპრომისულ გადაწყვეტილებას სტრატეგიული მიზნებით ხსნის

მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. გადაწყვეტილების შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

"ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა მიადგეს ჩრდილი ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ გაჩაღებული თავდაცვითი კამპანიის გამო. ჩვენთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ღირებულებებია, რომ წავედით ამ გადაწყვეტილებაზე და ასეთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვტოვებთ "ფრონტერას" თავისი 1%-ის არეალის ფარგლებში. შეუძლია განახორციელოს კვლავ ოპერაციები ძებნა-ძიების. ჩვენ გამოვხატავთ იმედს და მოვუწოდებთ "ფრონტერას," რომ ახლა მაინც, როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, იქნებ მოაწესრიგოს თავისი ვალდებულებითი ნაწილი,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

გადაწყვეტილება სტრატეგიული ამოცანებით ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

"სახელმწიფოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული საერთაშორისო რეპუტაცია, რომელიც მიუხედავად არსებული კერძო დავისა, მუდმივად იღებს უმაღლეს შეფასებებს. იმისთვის, რომ ჩვეულებრივი, რუტინული, კომერციული დავა არ გამხდარიყო სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობისთვის დამაზიანებელი, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღის ამბები