ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები მათ საცხოვრებლთან მიმდებარედ ღია საკანალიზაციო არხის არსებობას აპროტესტებენ. მათი თქმით, დასახლებაში არ არის საკანალიზაციო ქსელი, მილები ღია არხზეა დაერთებული, რაც მათ საფრთხეს უქმნის. ზაფხულში გაუსაძლის სუნთან ერთად ანტისანიტარია, მღრღნელები და ქვეწარმავლები აწუხებთ. ადგილობრივების თქმით, არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს, თუმცა უშედეგოდ.
"ფანჯრის გაღების საშუალება არ გვაქვს, ბავშვები უჰაერო სივრცეში იზრდებიან. ვირთხებს ვერ ავუდივართ, რადგან აქ კანალიზაცია არ არსებობს, პირდაპირ ჩადის საკანალიზაციო. საშინელი მდგომარეობაა. უამრავჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მერიაში დაწერილი იყო განცხადება,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ნანა იონანიძე.
კიდევ ერთი ადგილობრივი, კონსტანტინე თედორაძე აცხადებს, რომ პრობლემის შედეგად სახლლის კედლებიც კი დაიბზარა.
"30 ოჯახი ანტისანიტარიაში ვცხოვრობთ"- აცხადებს ის.
ადგილზე იმყოფებოდა "ლელო-საქართველოს" წევრი მანანა ურთმელიძეც.
"კატეგორიულად მიმართავენ ხელისუფლებას, გადაჭრან ეს პრობლემა. წლების განმავლობაში ყოფილა საშინელი მდგომარეობა, აქ ბავშვების და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,"- განაცხადა მანანა ურთმელიძემ.