ექსპერტთა ნაწილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტაქტი არ გაწყვიტა, დადებითად აფასებს.
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი სტრატეგიულად მიზანშეწონილი იყო და საინვესტიციო გარემოზე დადებითად იმოქმედებს.
"არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ საქართველოს მთავრობა უფრო პრინციპული უნდა ყოფილიყო. მე ვთქვი, რომ სწორად მოიქცა პოლიტიკური თვალსაზრისით და თუნდაც ბიზნეს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ყველა ბიზნესმენი რა უყურებს - საკმარისია, ქვეყნიდან მსხვილი ბიზნესი გავიდეს ან პირიქით, შემოვიდეს ქვეყანაში, სწორება ხდება ამ ფაქტებზე,"- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
იმავე აზრზეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ მჭედლიშვილიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით ცხადი გახდება, რომ საქართველოსთვის ყველა ამერიკული კომპანია ძვირფასია.
"იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ აზიანებდა საინვესტიციო კლიმატს მათი და ლობისტების მეშვეობით გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა ამერიკელი პოლიტიკოსების, ჩვენი მეგობრების, აქედან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იქნებ ახლა მოვუსპოთ ეს მიზეზი კომპანიას, რომ აღარ გააგრძელოს ეს ყველაფერი. დიდი იმედი მაქვს, რომ საინვესტიციო კლიმატზე და ამერიკელების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ იმოქმედებს, იმიტომ, რომ ყველამ უნდა დაინახოს - ჩვენთვის ყველა ამერიკული კომპანია არის ძვირფასი,"- განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
ამასთან, დღეს "ფრონტერამ" განცხადება გაავრცელა , რითაც კომპანია საქართველოს მთავრობას "დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.