გიგა ბოკერია "ფრონტერასთან" დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ბრიყვულს" უწოდებს. ის მიიჩნევს, რომ კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულმა სკანდალმა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა, რაშიც მთავრობას ადანაშაულებს.
"პოლიტიკური ვირეშმაკობის მაგალითია, ოღონდ, აბსოლუტურად ბრიყვულის და ქვეყნისთვის მავნებლურის. ჯერ შექმნა ასეთი სკანდალი ამ ამბისგან, რომელმაც დააზიანა ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს მდიდარი კომპანიების ინტერესებს კი არ ეხება მხოლოდ, არამედ, რიგითი - საშუალო და გაჭირვებული კლასის მოქალაქეებზე აისახება, როცა ქვეყანას ასეთი იმიჯი აქვს და აქ ფულის დახარჯვა დაკავშირებულია რისკთან.
თან, დამატებითი სიბრიყვეა - ჯერ ეს კამპანია დაიწყეს, მერე თქვეს, რომ მოვიგეთო და ამ მოგებაში მილიონები დახარჯეს ჩვენი საერთო ფულის, ახლა აღმოჩნდა, რომ უკან დახევა უწევთ, ოღონდ უკანაც ისე იხევენ, რომ ბოლომდე პრობლემა არ იხსნება. ანუ, ამდენი სისულელე და მავნებლობა ერთად მარტო ივანიშვილის რეჟიმს შეუძლია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე "ფრონტერასა" და სახელმწიფოს შორის დავის დასრულებას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიზნესის საქმეში უხეშად არ უნდა ჩაერიოს.
"კარგია, რომ ეს ხანგრძლივი დავა დამთავრდა შეთანხმებით. ერთის მხრივ, "ფრონტერას" ექნება საქმიანობის გაგრძელების საშუალება 2027 წლამდე, და, მეორეს მხრივ, მთავრობამაც უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ორივე მხარის ვალდებულებები, რომელიც უნდა იყოს და არის ხელშეკრულებაში ასახული, უნდა შესრულდეს პირნათლად, ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ბიზნესის საქმიანობაში უხეშად,"-განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკულ კომპანია "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.
საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა.
ამასთან, დღეს "ფრონტერამ" განცხადება გაავრცელა , რითაც კომპანია საქართველოს მთავრობას "დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.