ამხანაგობა "კეკელიძე 62" მიტროპოლიტ ანტონის წინააღმდეგ - ამხანაგობის დამფუძნებელი დემურ გიორხელიძე დახმარებას ითხოვს. გიორხელიძის განცხადებით, ამხანაგობამ 18-სართულიანი საცხოვრებელი შენობა ააშენა, თუმცა 4 წელია, 155 ოჯახი ფართების განაწილებას ვერ ახერხებს, ვინაიდან ქონებას სასამართლო გადაწყვეტილებით ყადაღა ადევს.
ამხანაგობის დამფუძნებელი მიზეზად შესაძლო დანაშაულებებს ასახელებს, რომელსაც მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირს უკავშირებს.
უფლებადამცველი როინ გელაშვილის განცხადებით, მიტროპოლიტმა ანტონმა ამხანაგობისთვის ინვესტორის მხრიდან გადაცემული თანხა მიითვისა.
"ჯერ კიდევ 2014 წელს ამხანაგობას მიმართული აქვს საჩივრით მთავარი პროკურატურისათვის, იმის გამო, რომ 1 350 000 აშშ დოლარი მეუფე ანტონმა წაიღო ამხანაგობიდან. 2014 წლის შემდეგ, 2019 წლამდე მოწმის სახითაც გამოკითხვა არ განახორციელა სამართალდამცავმა ორგანომ," - ამბობს გელაშვილი.
საუბარია, ასევე, შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე.
"3 წელია, სახლში ვერავინ შედის, დაყადაღებულია, გამოძიებები მიმდინარეობს, როგორც ჩანს, ადგილი აქვს დარღვევებს. საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე ბინაა გადაყიდული. პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურა, საჯარო რეესტრი არეგისტრირებს 1200 კვადრატული მეტრის ფართს უკანონოდ, სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამაში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი" - აცხადებს დემურ გიორხელიძე.