ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ლენტეხში. პრობლემები გადაუღებელმა წვიმებმა შექმნა.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. გზებზე გადაადგილება შეზღუდულია. ამ წუთებში სოფლებში მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან ცაგერშიც.
"დილას რომ გამოვედი, ორი ხე წაქცეული იყო. ამ ხეებს რაც წააქცევს, სასწაულია. ამას გარდა, სიმინდი, ლობიო, არაფერი ნაყოფი არ არსებობს. ბოსტანი, ვენახი, მიწაზეა წაქცეული. აღარც ერთი მტევანი აღარ არის,"- აცხადებს სოფელ ხოფურის მცხოვრები თამარ მუსელიანი.
"4 საათზე რომ დაიწყო სეტყვა, ქარიც იყო და გადახადა სახურავი. სახლში თუ რამე გვქონდა დააზიანა. გაანადგურა ბოსტანი, ოჯახში რაც გვჭირდება - სიმინდი, ლობიო, პომიდორი, კიტრი აღარ გადარჩა,"- ამბობს სოფელ ხოფურის მცხოვრები ნანა ბიწაძე.
"ისეთი სასწაული იყო ვერ ვიტყვი. ქარი, კოხი, წვიმა. დაანგრია ყველაფერი. ვენახი და ბოსტანი სრულად გაანადგურა,"- უთხრა "კურიერს" სოფელ ხოფურის მცხოვრები ზურაბ მუსელიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში დილიდან ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.
"გაწმენდილია რამდენიმე სოფლის მისასვლელი გზა, ჯგუფი მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე. მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა და რამდენიმე დღეში გვექნება სრული სურათი, თუ რა ზარალი გამიწვია სტიქიამ,"- აცხადებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.