გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან მოსამართლემ ყველა პატიმრობაში დატოვა.
ახალი გარემოებების არარსებობისა და გამოძიების ხელის შეშლის საფრთხის გამო მოსამართლე მაია ოშხარელმა აღკვეთი ღონისძიების ფორმა უცვლელი დატოვა.
საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არგუმენტით, დაცვის მხარე დანაშაულში მხილებული პირების 5,000 და 10,000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.
პატიმრობის გადასინჯვა დღის წესრიგში იმ შუამდგომლობის შემდეგ დადგა, რაც გამოძიებამ თქვა, რომ ვიდრე საქმეს სასამართლოში განსახილველად წაიღებს, მეტი დრო სჭირდება.
მოსამართლის თქმით, სხვა სახის გადაწყვეტილება საქმისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. დღეს სხდომაზე მოსამართლემ სამი ადამიანი გამოყო - ირაკლი წაქაძე, საბა გოგშელიძე და საბა ჩხარტიშვილი, რომელთა დანაშაულიც შედარებით მსუბუქია, რადგან ეს სამი პირი მხოლოდ თავდაპირველ ინციდენტში მონაწილეობდა.
"მიმაჩნია, რომ დღეს მოცემულ საქმეზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ანუ ის მტკიცებითი სტანდარტი, რაც საკმარისია აღკვეთი ღონისძიების დასატოვებლად,"- განაცხადა მოსამართლე მაია ოშხარელმა.
მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა უკანონოდ შეაფასეს. ისინი სხდომას დღეს ეტაპობრივად ტოვებდნენ. ადვოკატების თქმით, მოსამართლის არგუმენტები არ იყო მყარი.
მათივე განცხადებით, უდანაშაულო ადამიანები არ უნდა დაისაჯონ.
როგორც "კურიერთან" გიორგი შაქარაშვილის ბიძამ აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახის მოლოდინი გამართლდა.
"დარწმუნებულები ვართ, რომ ყველას მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით,"- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები გირავნობის შესახებ არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.