მოსამართლე მაია ოშხარელმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თერთმეტივე პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის გარეშე, ოთხ საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. ოშხარელმა არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თერთმეტი ბრალდებულიდან მოსამართლემ საბურთალოელი ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე გამოყო და აღნიშნა, რომ მათ გამოძიება ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აგარაკის და ავტობანის დაპირისპირებები დანაშაულის ერთი ჯაჭვია, ყველა პირი პატიმრობაში უნდა დარჩეს.
თერთმეტი სრულწლოვანი ბრალდებულისგან დღეს მოსამართლემ ერთადერთი ბრალის აღიარება მოისმინა, ისიც ნაწილობრივ. აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის დროს დაკავებულმა ირაკლი წაქაძემ პროცესზე მოსამართლის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი საბურთალოელი მეგობრები კი დუმილის უფლებას იყენებენ. სამივე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების ფაქტზეა დაკავებული და გამოძიება ძალადობას ედავება, რაც ნაკლებად მძიმე დანაშაულია.
დანაშაული მძიმეა "მერსედესის" მგზავრებისთვის, თუმცა არცერთი მათგანი ძალადობასა და მის ორგანიზებას არ იზიარებს. იგივე პოზიციაზე არიან "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიც, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობის გარდა გამოძიება გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
ირაკლი წაქაძეს ადვოკატმა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის აღიარების განმარტება სცადა. მისი თქმით, ბრალდებული ამ ფორმით დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ წაქაძე იძულებული გახდა ჩხუბში ჩართულიყო, თუმცა უფლებადამცველმა არ დააკონკრეტა, რამ აიძულა წაქაძე დაპირისპირებაში ჩართულიყო.
პროკურორი მიიჩნევს, რომ წაქაძის მხრიდან აღიარებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სურვილის შემთხვევაში საგამოძიებო უწყება მზად არის ბრალდებული ხელახლა გამოკითხონ. პროკურატურა სხდომაზე თერთმეტივე პირის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, მოთხოვნა მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.
თერთმეტივე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მიუღებელი აღმოჩნდა უფლებადამცველებისთვის.
ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს გიგა ტატიაშვილის ადვოკატის გარდა, ყველა ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა გირაოს სანაცვლოდ მოითხოვა. არცერთ ადვოკატს მოსამართლემ შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.
11 ბრალდებული აღკევთი ღონისძიების შეცვლის საკითხს მცხეთის რაიონულ სასამრთლოში 4 საათის განამვლობაში განიხილავდნენ. აგარაკის და ავტომაგისტრალის სისხლიანი დაპირპრების სრულწლოვანი ბრალდებულების საქმის წინა სასამართლო სხდომა 31 აგვისტოს უნდა გაიმართოს.
მანამდე გამორიცხული არაა "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდეს.