19 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
16 500 000 - ბოლო თვენახევარში მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა

ტურისტული სეზონის გახსნისთანავე ჩრდილოეთ ესპანეთში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება. კატალონიის ჯანდაცვის უწყება საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. აქ არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის მეორე ტალღის გამო შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელი გახდება. ესპანეთში მყოფი მოქალაქეებისთვის ქვეყნაში დაბრუნების წესებს ამკაცრებს დიდი ბრიტანეთი. 14 დღიანი საკარანტინო რეჟიმი აუცილებელი ზომა გახდა.   

კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა დღითიდღე იზრდება საფრანგეთში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ვირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი იმ პერიოდის მონაცემებს გაუთანაბრდა, როდესაც ქვეყანაში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ინფიცირებულთა რეკორდული მატებაა ინდოეთში. ერთ დღეში ვირუსი 50 ათასამდე მოქალაქეს დაუდგინდა. საკუთარ ნეგატიურ რეკორდს ხსნის ავსტრალია. იქ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 შემთხვევა გამოვლინდა. 

ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ჰონგ-კონგში ორზე მეტი პირის შეკრება იკრძალება. როგორც ღია, ისე დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში სავალდებულო ხდება პირბადის ტარება. დროებით იკეტება რესტორნები. ჰონგ-კონგში ამ დროისთვის კორონავირუსის 2,600-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

პანდემიის ეპიცენტრად კი კვლავ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა რჩება. ბოლო 24 საათში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირების 55 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. არანაკლებ რთული ვითარებაა ბრაზილიაში. აქ კორონავირუსის შემთხვევების უკონტროლო მატების გამო კოპაკაბანაზე საახალწლო ღონისძიებები სრულად გაუქმდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიას 650 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

სტატისტიკა მზარდია საქართველოს სამეზობლოში. ერთ დღეში თურქეთში ვირუსი თითქმის ათასამდე ადამიანს, აზერბაიჯანში კი 417-ს დაუდასტურდა. 73-ით გაიზარდა კოვიდდადებითი პაციენტების რაოდენობა სომხეთში. 6,000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსეთში. 

დღის ამბები