ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, კომპანია "ზეგ"-ის გენერალური დირექტორი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ეს სწორედ ის კომპანიაა, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.
თამარ კობერიძემ პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატის თქმით კი, კობერიძემ გამოძიებას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. "ზეგ"-ის იურისტი თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერების დროულად გახსნას ითხოვს და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მათი კომპანიისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის კომპანიაში მუშაობას უკავშირდება, რომელიც გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დატოვა.
კომპანიის ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნაა, როგორც პირადი ლეპტოპის, ისე სამსახურში არსებული კომპიუტერის. იურისტის განცხადებით, კომპიუტერის გაუხსნელობა და ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობს, კომპანიის რეპუტაციას ზიანს აყენებს.
"კომპანია გამოძიებასთან თანამშრომლობს და მათ ნებისმიერ კითხვას პასუხს ვცემთ. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერ გახსნილი არ არის. კითხვის ნიშნები ჩვენს კომპანიას ზიანს აყენებს რეპუტაციის თვალსაზრისით. თუ ეს საკითხი დროულად არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავთ," - აცხადებს კომპანია "ზეგ"-ის იურისტი ქეთი მირიანაშვილი.
ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.