19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანია, 4 შემოტანილია, ხოლო ერთის წყარო უცნობია - მარინა ეზუგბაია  

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5 შემთხვევის წყარო გაჩიანია, 4 შემოტანილია, ერთ შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები. 

ამასთან, დღეს ქვეყანაში კოვიდ ინფექციისგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

"დაემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1,155 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, გამოჯანმრთელებულია მხოლოდ ორი, იყო 927 და 929 გახლავთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 248 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული.

10 ახალი პაციენტიდან, 5 შემთხვევის წყარო არის გაჩიანი, 4 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ორი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს წყაროს დადგენა და კონტაქტების კვლევა.

ჩვენ დღეს კვლავ 41 პაციენტი გვყავს, დაგვემატა სამი ახალი პაციენტი, სამივე გახლავთ შემოტანილი შემთხვევა. ერთი არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, დანარჩენი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები მკურნალობენ ჩვენთან და მათზე მსუბუქები," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კორონავირუსი არსად წასულა. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან დისტანცია და იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, უნდა ატარონ პირბადე.

დღის ამბები