23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მამუკა ჭელიძეს შეხვდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, დაპირება მიიღეს, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებენ.
"როგორც სიტყვა მოგვცეს, ყველაფერს დეტალურად, თავის დროზე გაგვაცნობენ და სწრაფად გამოიძიებენ. ყველაფერი აინტერესებდათ, ჩვენ რა ვიცოდით და მოვუყევით. დანარჩენს რაც შეეხება, დაველოდოთ გამოძიებას, როგორ იქნება,"- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკვე მესამე დღეა კრიმინალური პოლიცია სწავლობს.
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.