თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი იქმნება. ოჯახმა დაპირება მიიღო. სავარაუდოდ, სულ მალე ცნობილი გახდება მობილურის და სატელეფონო ანძების ჩანაწერებიც, ვისი ზარის შემდეგ გავიდა ის სახლიდან, ვის ეკონტაქტებოდა ბოლოს, სად იყო და სად გადაადგილდებოდა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულებმა მიიღეს დაპირება, რომ კითხვებს პასუხები ეტაპობრივად გაეცემა.
ოჯახი და ადვოკატი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდნენ, უწყებას საქმე 3 დღის წინ გადაეცა.
"შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამ საქმეზე იმუშავებს. როგორც ბატონი მამუკა ჭელიძე დაგვპირდა, ეს საქმე არ დაემსგავსება მხოლოდ გაცნობითი რეჟიმის საქმეს, იქნება ყველა ჩვენი მოთხოვნა შესრულებული.
რაც შეეხება ტელეფონს, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა, განჩინება აღებულია და უკვე გამოთხოვაზე არის საკითხი, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო,"- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს უკვე მესამე დღეა, კრიმინალური პოლიცია სწავლობს.
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.