პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩინურ აპლიკაციას TikTok-ს კრძალავს, ამის შესახებ BBC წერს.
როგორც პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, შესაბამის განკარგულებას დღეს გასცემს.
ამერიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აპლიკაცია, რომელსაც ჩინური კომპანია ByteDance ფლობს, შესაძლოა, ამერიკელების პერსონალურ მონაცემებს აგროვებდეს.
TikTok უარყოფს, რომ მას ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს.
აპლიკაციას, რომლის მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად იზრდება, აშშ-ში 80 მლნ-ზე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ტრამპის აკრძალვა კი კომპანიისთვის ByteDance, სავარაუდოდ, ძლიერი დარტყმა იქნება.
"რადგანაც "ტიკტოკთან" დაკავშირებით ეჭვები არსებობს, აშშ-ში მას ავკრძალავთ,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რა არის TikTok
პლატფორმამ პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში მოიპოვა, განსაკუთრებით 20 წლამდე ახალგაზრდებში. ისინი აპლიკაციის საშუალებით 20 წამიან ვიდეოებს აზიარებენ, რომელზეც წვდომა აქვთ როგორც მათ ფოლოუერებს - ასევე, უცხო ადამიანებს. თუმცა, მომხმარებლებს აქვთ საშუალება, ვიდეო მხოლოდ ფოლოუერებისთვის გახადონ მისაწვდომი.
"ტიკტოკს", დაახლოებით, 800 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს ყოველთვიურად, მათი უმეტესობა აშშ-სა და ინდოეთიდან არის.
ინდოეთმა "ტიკტოკი" უკვე დაბლოკა - ისევე, როგორც სხვა ჩინური აპლიკაციები. "ტიკტოკის" აკრძალვაზე ფიქრობს ავსტრალიაც.
რატომ გახდა აშშ-სთვის "ტიკტოკი" საეჭვო
ამერიკელი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია ByteDance პირად მონაცემებს აგროვებს და შემდეგ - ჩინეთის ხელისუფლებას გადასცემს.
"ტიკტოკი" მსგავსი, თუმცა სხვა ვერსიით ოპერირებს ჩინეთში და მას Douyin ჰქვია.
რამდენიმე დღის წინ "ტიკტოკის" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
რა ინფორმაციას ფლობს "ტიკტოკი" თქვენზე?
"ვოშინგტონ პოსტი" წერს, რომ აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას, როგორიცაა - თქვენი ქვეყანა, რა ტიპის მოწყობილობას ხმარობთ. თუ მისცემთ ნებართვას, ის, ასევე, მონაცემებს შეინახავს თქვენს ზუსტი ადგილმდებარეობის, სატელეფონო კონტაქტების, თქვენი ასაკისა და ტელეფონის ნომრის შესახებ. აპლიკაციას შეუძლია დაადგინოს, ვინ არიან თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები, რა მოგწონთ, რას ეუბნებით თქვენს მეგობრებს.