გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ადასტურებს, რომ შემთხვევის მეორე დღეს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ბრალდებულები მცხეთაში ჩავიდნენ. "კურიერმა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, რასაც გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის ადგილზე მორაგბე აჩიკო გაგნიძე, თავგატეხილი ვახო ჩიქოვანი და ნიკოლოზ რევაზიშვილი იმყოფებოდნენ. მარტო ჩავიდა რკინის ხელკეტიანი მორაგბე ნიკა ჟვანიაც.
გამოძიება ახალ გარემოებაზე მუშაობს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის ბიძას უკვე გააცნეს.
შაქარაშვილის ბიძა ვარაუდობს, რომ ბრალდებულები სავარაუდოდ მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ. ისინი მცხეთაში მეგობრების ავტომობილებით ჩავიდნენ. როგორც "კურიერს" სანდო წყარო უყვება, გაგნიძე, ჩიქოვანი და რევაზიშვილი თეთრი ფერის "მერსედესით" გადაადგილდებოდნენ, რომელიც მათ მეგობარს ნიკა ცერცვაძეს ეკუთვნის. ცერცვაძესთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა აჩიკო გაგნიძეს. ის ბრალდებულების მეზობელი და ახლო მეგობარია. გამოძიებამ ნივთმტკიცებად მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და ავტომობილი ამოიღო, მაგრამ მანქანის ამოღების ფაქტს დედა არ ადასტურებს. ცერცვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში პირველად ხუთშაბათს გამოკითხა. რა ინფორმაცია მიაწოდა მან გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.
კიდევ ერთი ავტომობილი, რომელიც გამომძიებლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "ტოიოტა ვითსია", რომელიც მორაგბეების მეგობარს თემო კეტაშვილს ეკუთვნის. კეტაშვილის სატელეფონო ნომერი 19 და 20 ივნისს აჩიკო გაგნიძის ტელეფონის ამონაწერებში ჩნდება, ასევე არის ელექტრონული შეტყობინებები, სადაც კეტაშვილი და გაგნიძე გაურკვეველი ადგილიდან დაბრუნებაზე საუბრობენ.
"კურიერისთვის" ცნობილია, რომ კეტაშვილის ავტომობილით 18 ივნისის ღამეს მისი მეგობრები რატი ტუსიაშვილი, ბესიკ გობეჯიშვილი და გიგა ბუცხრიკიძე მცხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მათთან ერთად იმყოფებოდა ნაცემი არასრულწლოვანი ნ.ხ. ადვოკატი უარყოფს, რომ კეტაშვილის ავტომობილით ჩამოთვლილი პირების გარდა სხვებმაც ისარგებლეს, თუმცა უფლებადამცველი მანქანის პატრონისთვის დაბრუნების ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებს.
ვახო ჩიქოვანის ადვოკატი არ ამბობს, უამბო თუ არა მას მცხეთაში დაბრუნების შესახებ ბრალდებულმა, ბერიანიძე მტკიცებულებებს ითხოვს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც აჩიკო გაგნიძისა და ნიკა რევაზიშვილის ადვოკატებს. ისინი ფაქტის გადამოწმებას ბრალდებულების ციხეში მონახულების დროს გეგმავენ.
გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი. საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" კი მისი სახელის უკვდავყოფაზე ზრუნავს. დღეიდან კლუბში 21 ნომრით არცერთი ფეხბურთელი აღარ ითამაშებს, ის სამუდამოდ ახალგაზრდა ფეხბურთელ "შაქარას" ნომრად დარჩება. მისი მაისური კი, კლუბის მუზეუმში გამოიფინება.
დღეიდან, კლუბის გადაწყვეტილებით, იოსებიძეზე ფეხბურთის სტადიონი გიორგი შაქარაშვილის სახელობის იქნება.