ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას - კენჭისყრამდე რამდენიმე საათი დარჩა. აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება სამ კანდიდატს შორის უნდა მიიღოს.
პოზიციების საბოლოოდ დაფიქსირებამდე მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორები გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე გასაუბრებას დისტანციურად გაივლიან.
რექტორის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, არჩევნების პროცესი პოლიტიზებულია და პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.
"რექტორის არჩევნები არის აბსოლუტურად დისკრედიტირებული პროცესი, არის რადიკალურად პოლიტიზებული და ჩემი ღრმა რწმენით, ეს პროცესი მთლიანად დაგეგმილია სამთავრობო წრეების მიერ და არის მათ ინტერესებში აბსოლუტურად. იქიდან გამომდინარე, რომ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე არის მხილებული აკადემიურ ქურდობაში," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატი ცირა ბარამიძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტს თავად უნივერსიტეტი უნდა განაგებდეს და გარეშე ჩარევებისგან დაზღვეული უნდა იყოს.
"ჩემი პოზიცია, უნივერსიტეტის პოზიცია და დამოუკიდებელი პროფესორების პოზიცია გახლავთ ის, რომ უნივერსიტეტს უნდა განაგებდეს თავად უნივერსიტეტი. ბოლო ათწლეულების მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართვის სერიოზული პრობლემები არსებობდა, სწორედ იმის გამო, რომ უნივერსიტეტი არ არის ავტონომიური, მისი სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებები არ არის დაზღვეული გარედან ჩარევისგან,“ - განაცხადა ცირა ბარამიძემ.