19 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმე - დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი მთავარი მოწმეების ჩვენებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი საქმის მთავარი მოწმეების ჩვენების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. საუბარია გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებზე. 

ადვოკატის თქმით, ამირხანაშვილს გამოძიების ეტაპზე 4 სხვადასხვა ჩვენება აქვს მიცემული და ყველა მათგანი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 6 დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატების თქმით, რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ მოსამართლემ ორივე დაზარალებულის ყველა ჩვენება დაუშვებლად უნდა ცნოს.  

გამოძიება ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე მხოლოდ არასრულწლოვან ბრალდებულებთან დაკავშირებით დასრულდა. დანაშაულს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

გარდა ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ ხვალ არასრულწლოვნების მიმართ დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. 

"მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და აქედან გამომდინარე ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული ჩვენებების დაუშვებლად ცნობა. ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებებს, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, გარდა შეცვლილი ჩვენებებისა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება დაუდასტურდეს ზ.ხ-ს. თქვენ ხომ იცნობთ ამირხანაშვილის ჩვენებას? აქედან გამომდინარე, ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები. მას მიცემული აქვს 4 სხვადასხვა ჩვენება გამოძიების ეტაპზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და შესაბამისად, ვითხოვთ მის დაუშვებლად ცნობას.

ასევე, ახვლედიანის ჩვენება, რომელიც უკვე მესამედ დაიკითხა. მან არ დააზუსტა ეს ჩვენება, ეს ჩვენება მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ წინა მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ, თუ მოწმეთა ჩვენებში არის არსებითი წინააღმდეგობა, იგი დაუშვებელი მტკიცებულებაა," - აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.

ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატი კახა წერეთელი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის არ არის და იქ მხოლოდ ცალკეული გარემოებებია დაზუსტებული.

"მას არანაირი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მოცემული არ აქვს, მან მხოლოდ და მხოლოდ დააზუსტა ცალკეული გარემოებები, ხოლო ის, რომ ბრალდებულების ადვოკატები უკმაყოფილო არიან დაზარალებულის ჩვენებით, ამაში ალბათ გასაკვირი არაფერია. გადაწყვეტილება ჩვენების დასაშვებობასთან დაკავშირებით სასამართლოს მისაღებია და ჩვენც დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვახტანგ ახვლედიანი გამოცხადდეს სასამართლოში, ის რა თქმა უნდა, გამოცხადდება და მისცემს ჩვენებას," - განაცხადა კახა წერეთელმა.

დღის ამბები