19 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
"ექიმმა, რომელსაც არცერთ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი არ გააჩნია, არასწორი ანესთეზიოლოგია ჩაატარა" - დაზარალებულის ადვოკატი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ამავე კლინიკის ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე "კურიერმა" დეტალები გაარკვია. 

დაზარალებული პაციენტის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ექიმმა, რომელსაც არცერთ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი არ გააჩნია, არასწორი ანესთეზიოლოგიური ჩარევა გაუკეთა. 

"ექიმმა, რომელიც იბრალებდა რომ ანესთეზიოლოგი იყო, პაციენტს არასწორი ანესთეზიოლოგია ჩაუტარა. ეს გახლავთ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, ამჟამად იტალიის მოქალაქე, რომლის მიერაც უკანონო საექიმო საქმიანობა განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მას არცერთ საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატი არ გააჩნია," - განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა. 

ფაქტზე, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი საუბრობს.

"უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტი ფიქსირდება. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობის ორი ეპიზოდი - 2018 წლის სექტემბერში და ამავე წლის დეკემბერში. ორივე ეპიზოდში ფიგურირებენ ექიმები, რომლებსაც სათანადო სერთიფიკატი არ გააჩნდათ,"- განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ინგა პაიჭაძემ.

თავად ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ.

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია და გამოძიების ვერსიით, ამის მიზეზი ექიმების შეცდომაა.

2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება, გამოძიებამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. მხარეების წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ახალგაზრდა ქალის მონაცემები გაგზავნილი იყო იტალიაში და ოპერაციასაც მოწვეული სპეციალისტი ჩაატარებდა.

საბოლოოდ კი, საოპერაციო ბლოკში იმყოფებოდა შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ორი პირი. დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ის ამ დრომდე თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაშია.

ამ დაწესებულების დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს, გულგრილობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულს თაღლითობასა და უკანონო საქმიანობას. იგივე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ასევე იძებნება ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა. ის საქართველოში არ იმყოფება.

დღის ამბები