19 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"ეს არის გამოვლინება "ქართული ოცნების" დაუოკებელი სწრაფვის, რომ უნივერსიტეტი ამყოფოს ტყვეობაში" - გიორგი ბარამიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძის არჩევა მიუღებელია სხვა კანდიდატებისთვის. ისინი საარჩევნო პროცესს ფარისევლურს და პოლიტიკურს უწოდებენ. რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიის სურვილია, უნივერსიტეტი სრულ ტყვეობაში ამყოფოს.

"მე გამოვუცხადე ბოიკოტი აბსოლუტურად დისკრედიტებულ პროცესს, რომელიც არის თავიდან ბოლომდე აკადემიურად კორუმპირებული და შესაძლოა, პოლიტიკურადაც. ეს არის გამოვლინება "ქართული ოცნების" რაღაც დაუოკებელი და ირაციონალური სწრაფვის, რომ ეს უნივერსიტეტი ამყოფოს ტყვეობაში, მოწყვიტოს საზოგადოებას და გაანადგუროს,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

საარჩევნო პროცესს უნდობლობას უცხადებს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი ცირა ბარამიძე, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. 

"ეს არის ლაკმუსის ფურცელი, რომელიც ამ უნივერსიტეტში დღეს გათამაშდა. მე და ბატონი გიორგი შარვაშიძე შევხვდებით სასამართლოში. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, აუცილებლად შევცვლით საბჭოთა მენტალიტეტს უნივერსიტეტში, აუცილებლად შევცვლით სამართლებრივ ორგანიზაციულ ფორმას, დავაბრუნებთ უნივერსიტეტს მის ბუნებრივ მდგომაროებაში,“ - განაცხადა ცირა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ისევ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭომ არჩევნების რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ მიიღო. მოქმედმა რექტორმა თანამდებობა 32 ხმით შეინარჩუნა.

დღის ამბები