სახალხო დამცველს გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები აქვს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებსაც გასცემს.
"23 ტომი გვაქვს ამ ეტაპისთვის შესწავლილი და ვაგრძელებთ მიმდინარე რეჟიმში საქმის მასალების გაცნობას. გვაქვს გარკვეული შეკითხვები და გვინდა, რომ სამუშაო ფორმატში გავიაროთ აღნიშნული საკითხები უშუალოდ გამოძიებასთან.
აუცილებლად გვექნება რეკომენდაციები გამოძიების მისამართით და შემდეგ უკვე, გარკვეული პერიოდის შემდგომ შევაჯამებთ, რამდენად ეფექტურად და სრულყოფილად წარმართავს გამოძიება პროცესს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა. წვეულების დროს და მის შემდეგ სხვადასხვა პირებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 22 ივნისს მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 109-ე, განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, ჯერ ეს ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის არ წარუდგენიათ.