იმ პირობებში, როდესაც ეპიდვითარებასთან დაკავშირებული მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილურად შენარჩუნებას მიიჩნევს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოსავლენად. ამ დრომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 264 000 PCR ტესტირების პროცედურა ჩატარდა. ეს პროცესი კი, მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, COVID ინფიცირების ახალი შემთხვევების დროულად აღმოჩენასა და შესაბამისად ეპიდვითარების პრევენციას ეფექტურად ახდენს.
ვირუსი ცირკულირებს და ინფიცირების შემთხვევების მონაცემებიც არასტაბილურია. თუკი წინა დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა იყო, დღეს 15 დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, აქედან სამის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა მოსალოდნელ ნიშნულს არ ცდება.
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მსგავსი ტიპის აფეთქებები, ჯერჯერობით, კონტროლს ექვემდებარება, ამ ვითარების სტაბილურად და უცვლელად შენარჩუნება კი უპირველესი გამოწვევაა, თუმცა არა დაუძლეველი.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები უახლოეს მომავალში ინფიცირების შემთხვევების ზრდას არ გამორიცხავენ. თუმცა ბოლო პერიოდის არასტაბილური სტატისტიკის მიუხედავად ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას არ ელიან.
საქართველოში დღეს 1197 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 974. ახალი შემთხვევებიდან 6 აჭარას უკავშირდება, ორი თურქეთის მოქალაქე სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ოთხი კი დადასტურებულ შემთხვევების კონტაქტი. სულ აჭარაში 20 COVID ინფიცირებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი მკურნალობას 244 ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს.