19 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
მომწერა მოგზავნილი ხარო, იქნებ თქვენ ხართ მოგზავნილი მეთქი - ბაჩანა ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის დედაზე

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, გარდაცვლილი გოგოს დედას თეონა თამაზაშვილს პასუხობს.

ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, რომ თამაზაშვილი განცხადებას ემოციურ ფონზე აკეთებს.

"მისი მხრიდან ნეგატივი უკვე პიკს აღწევს. ქალბატონი თეონა ემოციურ ფონზე აგრძელებს მის ქმედებებს. პროფესიული კუთხით ვუთხარი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ისეთს ვერაფერს, რომ აქცია იყოს საჭირო. მე ვუთხარი, რომ სჯობს გონივრული ნაბიჯები გადავდგათ, ალბათ ეს ეწყინა ძალიან და ამის გამო ხდება ეს. თავად მომწერა, რომ მოგზავნილი ხარო, იქნებ თქვენ ხართ მოგზავნილი მეთქი..." - აღნიშნა ბაჩანა ლობჟანიძემ. 

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერაა მოგზავნილი, რათა მისი შვილი სახლიდან გაეტყუებინა. მან შსს-ში ლობჟანიძის "ფსიქიკური პრობლემების საკითხი" დააყენა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დღის ამბები