საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა არ გამორიცხა, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებების საჭიროება მომდევნო თვეების განმავლობაშიც დადგეს.
როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, კრიზისი გრძელდება და გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა უარესდება.
"დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, მკაფიოდ ადასტურებს ერთ პოზიციას, რომ მაგალითად აპრილის ეკონომიკური შეფასება გლობალური ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით გაუარესდა უკვე ივნისში, როდესაც ახალი შეფასება გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფაქტობრივად სამ თვეში ერთხელ გადაიხედა გლობალური ეკონომიკის შეფასება და გადაიხედა გაუარესებისკენ.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრიზისი გრძელდება და რა თქმა უნდა, არსებობს იმის რაციონალური მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებშიც, მომდევნო წლის განმავლობაში იქნება გარკვეული ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეს ერთი და მეორე - თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება, რომელიც მთავრობამ განახორციელა, განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, მაქსიმალურად მიზნობრივად გამოყენებით და იმ კონკრეტული გამოწვევების პირობებში, რა გამოწვევებიც გვქონდა," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მთავრობამ დახმარებოდა ყველა 18 წლამდე პირს და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ფენას, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ კრიზისით საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლებიც დაზარალდნენ. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვისაც ამ დახმარების საჭიროება არ აქვს, შეუძლია უარი თქვას მასზე.
"ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე ეკონომიკურ ღონისძიებაზე, რომელიც შეეხო როგორც სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს, ასევე საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლებს და პირველ რიგში აქ ვსაუბრობთ ბავშვებზე. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური საკითხების მიმართ არიან სწორედ ბავშვები და სწორედ ეს იყო ფუნდამენტი ამ გადაწყვეტილების. აქაც არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ვისაც ამის საჭიროება არ გააჩნია, მან ეს დახმარება არ აიღოს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობამ ანტიკრიზისული ღონისძიებების ახალი ეტაპი დააანონსა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქე 18 წლამდე ბავშვები სახელმწიფოსგან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ. ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, ზამთარში, 4 თვის განმავლობაში, მთავრობა საზოგადოებას კომუნალური გადასახადებს აუნაზღაურებს.