19 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
ათენსა და თბილისს შორის აგვისტოს თვეში მინიმუმ ერთი ფრენა განხორციელდება - ნათია თურნავა

ათენსა და თბილისს შორის აგვისტოში 1 ფრენა განხორციელდება - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას აზრით, ამ ეტაპზე ეს ოპტიმალური შესაძლებლობაა. ფრენის სავარაუდო თარიღი 21 აგვისტოა.

"საკითხს ფრთხილად ვუდგებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე წარმოებდა იგივე "ეგეოსის ავიახაზებთან" მოლაპარაკება. მე შემიძლია გითხრათ, რომ ახლა გავედით ბოლოში და დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება და გეტყვით, რომ აგვისტოს ბოლომდე, როგორც მინიმუმ ერთი ფრენა, ალბათ აგვისტოს ბოლო დეკადაში, ათენსა და თბილისს შორის შესრულდება. ეს არის ის ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და საქართველოსაც," - განაცხადა ნათია თურნავამ. 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საბერძნეთის ელჩის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შესაბამისი განმარტებები მასთანაც გაკეთდება. 

"საბერძნეთის ელჩის პოზიციაც გასაგებია, იმიტომ, რომ ის წარმოადგენს საბერძნეთს ამ ქვეყანაში და მას სურს, რომ ამ ქვეყნებს შორის არსებობდეს ის რეჟიმი, რა რეჟიმიც არსებობს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება, როგორც კი დაბრუნდება, იქნება მასთან კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, მიიღებს შესაბამის განმარტებებს. მანამდე საელჩოსთანაც იქნება კომუნიკაცია და უკვე არის ეს კომუნიკაცია. არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები