კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობის მიერ სოციალური დახმარებების გაცემის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ "ქართულ ოცნებაში". მათი განცხადებით, დახმარება საკმაოდ დროულია და ის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
"გლობალური პანდემიის პირობებში ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ყველა ბავშვი საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიიღებს ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას. 150 000 სოციალური ქულის ფარგლებში ყველა სტუდენტი მიიღებს ერთი სემესტრის დაფინანსებას სახელმწიფოსგან, დამატებით ის სტუდენტები, რომელთაც შეჩერებული აქვთ სტატუსი გადაუხდელობის გამო, მიიღებენ სახელმწიფოსგან 1 წლიანი საფასურის დახმარებას,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მთავრობის მიერ შემოთავაზებული დახმარების პაკეტი მოქალაქეებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.
"პანდემიამ შექმნა სირთულეები ეკონომიკური და, შესაბამისად, სოციალური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამას სჭირდება პასუხი და პასუხი არის, პირველ რიგში, სოციალური დახმარება ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის პაკეტი, რომელიც არის შემოთავაზებული საქართველოს მთავრობის მხრიდან. ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს იმაში, რომ გაიუმჯობესონ საკუთარი სოციალური მდგომარეობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.