კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის "ნამდვილი თუ მოგონილი?!" რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. წელს კონკურსში რეკორდული რაოდენობის მონაწილე იყო. გამოვლინდა 3 გამარჯვებული.
"21-ე საუკუნეში ძალიან ბევრი ცრუ და მართალი ინფორმაცია ერთმანეთში ირევა და ჩვენ ვზიანდებით ამით. დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი ყველაზე უხილავი მტერი და ჩემი აზრით, ეს პროექტი გვეხმარება ავამაღლოთ ცნობიერება არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ უფროს თაობაშიც"-განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა ლაშა გულუაშვილმა.
კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ნათია კუკულაძის განცხადებით, კონკურსის მიზანია, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მოზარდებს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის გარჩევაში დაეხმარება.
"კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, ფაქტების გადამოწმებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები და მიიღონ ის ცოდნა, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ერთმანეთისგან განასხვაონ ნამდვილი და ყალბი ინფორმაცია,"-განაცხადა ნათია კუკულაძემ.