19 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
თემქაზე მდებარე კიდევ ერთი კორპუსი, რომელიც ბოლო დღეებში აფეთქებას გადაურჩა

თემქაზე მდებარე კიდევ ერთი კორპუსი, რომელიც ბოლო დღეებში აფეთქებას გადაურჩა - 3 დღის განმავლობაში ბუნებრივი აირი მე-8 სართულზე მდებარე ბინაში გროვდებოდა. თბილისიდან ქალაქგარეთ წასულ ბინის მეპატრონეს გაზქურის ონკანი გახსნილი დარჩა. 114-ში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, რაც გაზის ძლიერი სუნი მეზობლებმაც იგრძნეს.

კომპანია "თბილისი ენერჯიში" ამბობენ, რომ დროული რეაგირების გარეშე გაზის გაჟონვა დიდ აფეთქებას გამოიწვევდა, კონკრეტული მობინადრის უყურადღებობას კი ადამიანების სიცოცხლე შეეწირებოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრებს სახლში ღია ონკანის გარდა, კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული, ე.წ. მკვლელი ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელიც დახვდათ.

მიმდინარე კვირას აფეთქებას გადაურჩა სამგორის რაიონში მდებარე ორი კორპუსი. ერთ შემთხვევაში თემქის მსგავსად, ბინაში ონკანი ღია იყო, მეორე შემთხვევაში კი ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. ძლიერ აფეთქებას გადაურჩნენ ვაჟა ფშაველას მეოთხე კვარტლის მაცხოვრებლებიც. ერთ-ერთ ბინაში გაზგაყვანილობა ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული, 15 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ე.წ. რეზინის გაზის მილი კი ერთ ადგილას გადაჭრილი.

2016-2019 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური აფეთქება 2019 წლის 16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეულ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი იყო.

დღის ამბები