ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს.
ექსპერტებმა უნდა ნახონ, რა ინფორმაცია ინახება ტელეფონში და ვისთან ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს ბოლოს კომუნიკაცია.
უწყების შენობაში შესულები არიან დაღუპულის ადვოკატი და ოჯახის წევრები. მანამდე ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილის ტელეფონი მან საგამოძიებო უწყებასთან ერთად, პირველად უნდა დაათვალიეროს.
"დღეს მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ მობილურთან არის დაკავშირებული, შემოწმებული იქნება. დავაკვირდებით, თუ როგორ იქნება ეს პროცედურები ჩატარებული. მეც ახლა უნდა ვნახო, რა მდგომარეობაშია მობილური ტელეფონი, რადგან ის ჩემს თვალწინ დაილუქა იმ დროს, როდესაც ავტომობილიდან ამოიღეს. შესაბამისად, ლუქზე ჩემი ხელმოწერა იყო დაფიქსირებული. მსგავსი რამ ლეპტოპზე არ ყოფილა, რადგან ის საქმეში ჩემს ჩართულობამდე ამოიღეს,"- განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.