"ექიმები თეთრი ხალათებით" - სოლიდარობის აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ორი დღის განმავლობაში გაიმართება. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი არ ენდობა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ორი თანამშრომელი უკანონო საქმიანობასა და გულგრილობაშია ბრალდებული.
ქუჩაში გამოსულ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს და ამ მიდგომის შემსუბუქებას პირადად ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ.
შეხვედრა მინისტრსა და ექიმებს შორის თითქმის 1 საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე მათ დაკავებული ექიმების საქმეზე ისაუბრეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე რაიმე სახის მოთხოვნა ექიმებს არ წაუყენებიათ. შეხვედრა ემსახურებოდა საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებს, რომლის შედეგადაც, ვახტანგ ყიფიანი, მინისტრის თქმით, ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა.
მინისტრი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ვახტანგ ყიფიანი არის გაუგებრობის მსხვერპლი. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ საქმეში გარკვეული გაუგებრობები არის.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს უფლება კონკრეტული დასკვნა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ბრალდებული ექიმი დამნაშავე, თუმცა მისივე განმარტებით, აქ საუბარია დანაშაულის სიმძიმეზე.
"მე არ მაქვს უფლება, მივიღო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო ის დამნაშავე თუ არა, აქ არის დანაშაულის სიმძიმეზე საუბარი და სწორედ იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული. რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები, თუმცა აქ, ასევე, არის აღსანიშნავი, რომ დანაშაულს გააჩნია თავისი სიმძიმე," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღევანდელ შეხვედრას წინ უძღვოდა თავად ვახტანგ ყიფიანის განცხადება, სადაც ის განმარტავდა, რომ ამ შემთხვევაში, მას არანაირ სამედიცინო მანიპულაციაში მონაწილეობა არ მიუღია და ის იმედს გამოთქვამდა, რომ ამ საქმეში მისი კომპეტენციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრი ჩაერთვებოდა.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი.
საქალაქო სასამართლომ კლინიკის დირექტორი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ვახტანგ ყიფიანი პატიმრობაში დატოვა, ხოლო მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.