ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო თანამეგობრობა თვალყურს ადევნებს. მათი განცხადებით, მიმდინარე მოვლენები არადემოკრატიულია და არჩევნების შედეგებში ეჭვი ეპარებათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ბელარუსს მოუწოდებს, რეპრესიები შეწყვიტოს და მოქალაქეებთან რეალური დიალოგი დაიწყოს.
"ევროკავშირმა უნდა მიიღოს ზომები ბელარუსში ძალადობის შესაჩერებლად. პოლონეთი, როგორც ბელარუსის მეზობელი და ევროკავშირის წევრი, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს. ბელარუსის ზოგადად დასავლურ სამყაროსთან და ევროკავშირთან დაახლოება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეს დაახლოება უნდა ემყარებოდეს კანონის პატივისცემას და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ფასეულობებს. ჩვენ ველით, რომ ბელარუსის ხელისუფლება შეწყვეტს რეპრესიებს და დაიწყებს რეალურ დიალოგს მოქალაქეებთან,“ - განაცხადა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსს მოუწოდებს, აქციაზე დაკავებული ადამიანებიდაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
"ჩვენ საფრანგეთთან და პოლონეთთან ერთად ბელარუსს მოვუწოდებდით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ჩვენ ამის არანაირი ნიშანი არ დაგვინახავს, სანაცვლოდ, ჩვენ გავხდით ძალადობის, დაშინებისა და დაკავებების მოწმე. ეს ცხადია, უნდა გახდეს განხილვის საგანი. საკითხს მოსკოვში ვიზიტისას განვიხილავ. ახლა კი ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტაციისთვის გავიდნენ ქუჩაში,“ - განაცხადა ჰაიკო მაასმა.
შეგახსენებთ, უკვე მეორე დღეა ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. მოქალაქეები ოფიციალურ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ, რომლის მიხედვითაც უკვე მე-6 ვადით პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა. ვითარება ყველაზე მეტად დაძაბულია დედაქალაქში. მხოლოდ ბოლო საათებში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 100-მდე ადამიანი დაშავდა.