19 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ჯიგანიების სოციალურად დაუცველი ოჯახი კუთვნილი ბინის გადაცემას ითხოვს

სოციალურად დაუცველი ოჯახი კუთვნილი ბინის გადაცემას ითხოვს. ჯიგანიებს სახელმწიფომ საცხოვრებელი თბილისში ცოტა ხნის წინ გადასცა, თუმცა დოკუმენტზე ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრს უნდა ჰქონდეს მოწერილი ხელი. მარინა ჯიგანია ამბობს, რომ მეუღლე კონფლიქტის გამო დოკუმენტს არ აწერს ხელს, ამიტომ სახელმწიფოსგან ითხოვს, რომ ამ ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცენ ბინა.

"ჩემი პრობლემა არის ის, რომ მივიღე ბინა, რომელიც გავიარე ლოტოტრონით და მეუღლე, რომელთანაც ვიმყოფები ქორწინებაში და გარკვეული ოჯახური კონფლიქტის გამო დროებით ერთად არ ვცხოვრობთ, ხელის მოსაწერად არ მოვიდა, რის გამოც მე ბინის გასაღები არ გადმომცეს," - აცხადებს დაზარალებული მარინა ჯიგანია.

დღეს სოციალურად დაუცველი ქალი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "არჩევანი საქართველოსთვის" ლიდერთან ერთად მივიდა და დევნილთა სამინისტორში განცხადება შეიტანა.

"დღეს ჩვენ შევიტანეთ წერილი ერთ-ერთი ოჯახის განსახლების თაობაზე, რომელმაც მიიღო უკვე ბინა, მაგრამ სააგენტომ ისევ ჩამოართვა და გვაინტერესებს სამართლებრივი აქტი და გადაწყვეტილება, ოფიციალური დოკუმენტი თუ რის საფუძველზე ჩამოართვა სააგენტომ ეს ბინა," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანების "არჩევანი სამშობლოსთვის" თავმჯდომარე ლელა გულედანი.

როგორც სოციალური საკითხებისა და პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსი ლადო ქებაძე აცხადებს, გადაცემული საცხოვრებელი ფართის უკან ჩამორთმევის საკითხს სააგენტო არ განიხილავს.

"ამ შემთხვევაში დევნილმა ოჯახმა ვერ სრულყო და ვერ წარმოადგინა ყველა სრულწლოვანი პირის ხელმოწერები. სააგენტო არ განიხილავს და დღის წესრიგში არ დგას გადაცემული საცხოვრებელი ფართის უკან ჩამორთმევის საკითხი," - განაცხადა სოციალური საკითხებისა და პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსმა ლადო ქებაძემ.

დღის ამბები