ყაზბეგში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 9 ადამიანით გაიზარდა. COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით პაციენტები მცხეთის ცხელების ცენტრში შეიყვანეს. ამავე დაწესებულებაშია კიდევ ერთი პირი დუშეთიდან. მას კორონავირუსზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.
მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური კვლევა დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს.
"ამ ეტაპზე, ეპიდემიური კვლევა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. მთავრი აქცენტები გადატანილია იმაზე, რომ კონტაქტები მაქსიმალურად დადგინდეს. ვისი გამოვლენაც უკვე მოხერხდა, ისინი იზოლირებულები არიან. დამატებითი სამუშაოები უკვე დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარეობს, რადგან პრევენციის მიზნით თავი დავიზღვიოთ,"- აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიურად იტესტებიან თბილისში და სხვა რეგიონებში ის ადამიანები, ვინც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ყაზბეგსა და სვანეთში იმყოფებოდნენ.
"მესტიისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. აქტიურად იტესტება თბილისში და სხვა რეგიონებში ის ადამიანები, ვინც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ამ რეგიონებში, განსაკუთრებული აქცენტი კი სვანეთის მუნიციპალიტეტზე გვაქვს,"- აღნიშნავს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.