ახალი სასწავლო წლისთვის მზადება დაიწყო. სკოლების უმრავლესობის სურვილია, მთავარი აქცენტი მოსწავლეების საკლასო დასწრებაზე გაკეთდეს და დისტანციური გზა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენონ. ახალი რეგულაციები სკოლებში უკვე გადაიგზავნა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის თითოეული წარმომადგენელი, მათ შორის მშობლებიც სრულად შეხვდნენ მზად უნარებისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით სასწავლო დღეებს. აქედან გამომდინარე, სკოლების მთავარი ამოცანაა დარჩენილ პერიოდში სასწავლო პროცესების სწორად დაგეგმვა,"- აცხადებს "ბაქსვუდის" სკოლის დირექტორი არჩილ სუმბაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდი კი მიესალმება სკოლების უსაფრთხოდ გახსნის საკითხს, რაც საქართველოს შემთხვევაში სექტემბერში დაიწყება.
"გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სკოლების უსაფრთხო გახსნას, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაავადების გადადების სიხშირე კავშირშია სკოლების გახსნასთან ან მათ დახურვასთან. სამაგიეროდ, არის უამრავი მტკიცებულება იმ უარყოფით გავლენაზე, რაც სკოლების დახურვას აქვს ბავშვებზე. გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან იმისათვის, რომ 15 სექტემბერს სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას, ყველა ბავშვმა ისარგებლოს განათლების უფლებით და სწავლა განახლდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით," - აცხადებს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ღასან ხალილი.
კორონავირუსის პანდემიის გამო, რეკომენდაციების გათვალისწინება ყველასთვის სავალდებულოა.