სარეიტინგო სააგენტომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - BB დონეზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ აპრილში სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკური ვითარების წინა შეფასების შემდგომ, Fitch- მა ბევრ ქვეყანას შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა, ან სუვერენული რეიტინგი. მაგალითად, სარეიტინგო კომპანიამ გააუარესა აშშ-ს, იაპონიის, ისლანდიის, მაკედონიის, საფრანგეთის, ავსტრიის რეიტინგის პერსპექტივა.
Fitch-ის მონაცემებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში დადებითად აფასებენ.
"სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საიმედო და თანმიმდევრულმა პოლიტიკის ჩარჩომ ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას შოკების მიმართ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რისკების შემცირებას,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით კი, Fitch - ის 2020 წლის აგვისტოს ანგარიში საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან მიმართებით, ნათლად ასახავს სარეიტინგო კომპანიის პოზიტიურ შეფასებას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციური სიძლიერის და მმართველობის ხარისხის მიმართ.