სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა იმ მექანიზმის შემუშავებაზე იმსჯელეს, რომელიც სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვასა და შემდგომ მონიტორინგს, ასევე, სკოლის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებასა და კვების სტანდარტის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მხარეებმა ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები დასახეს.
"არსებული რეგულაციების ფარგლებში განისაზღვრა სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით სკოლების ვალდებულება. შეიქმნა განათლების სამინისტროში ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, საერთაშორისო უწყების წარმომადგენლები," - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ.