თბილისში ორი ახალგაზრდა გაუჩინარდა - გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ოჯახები უკვე მეორე დღეა ვერ უკავშირდებიან. ახალგაზრდები ბარ Bauhaus-ის თანამშრომლები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, საღამოს 9 საათზე შევიდა. დაკარგულების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც Bauhaus-ის ტერიტორიაზე, ასევე იქ, სადაც ახალგაზრდების კვალი იკარგება - ეს არის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.
გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის ახლობლები "კურიერთან" ამ საკითხთან დაკავშირებით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
"რამდენი კითხვაც არ უნდა დასვათ, ოჯახს ჯერჯერობით არ სურს ამაზე საუბარი მედიასთან. ვარკვევთ ყველაფერს, პოლიცია ეძებს," - აცხადებს ოჯახის ახლობელი თეო ცუცქირიძე.
ასევე "კურიერი" დღეს Bauhaus-ის მენეჯერს ესაუბრა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ოჯახის წევრების თხოვნით ორი ადამიანის გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან საუბარს არ აპირებს.
"კურიერის" ინფორმაციით, საქმეს ძველი თბილისის განყოფილება იძიებს და იქ უკვე 2 დაკარგული ახალგაზრდის მეგობრების გამოკითხვა მიმდინარეობს.