მაშველებმა მტკვრიდან 30 წლამდე ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის ბარ "ბაუჰაუსის" ერთ-ერთი გაუჩინარებული თანამშრომელი, ბაია ბერუაშვილი. ოფიციალური სტრუქტურები ინფორმაციას არ ადასტურებენ. ცხედარი ამოსაცნობად პროზექტურაში უნდა გადაასვენონ.
დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მაშველთა ჯგუფები, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მტკვარში მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაოების გაგრძელება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მყვინთავებმა ცხედარი იმ ტერიტორიაზე, მტკვარში მიაკვლიეს, სადაც ბარი მდებარეობს.
ორი ახალგაზრდა 15 აგვისტოს დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დილის 5 საათზე დატოვეს "ბაუჰაუსის" შენობა და მას შემდეგ გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი აღარავის უნახავს. ბარის თანამშრომლები შენობიდან ხელჩანთების გარეშე გავიდნენ. მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში მეორე დღეს, საღამოს 9 საათზე შევიდა. მათი კვალი დედაენის ბაღის გავლით იუსტიციის სახლთან დაიკარგა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერჯერობით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.