გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი დღეს სასამართლოში წარსდგება. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაწყებულ გამოძიებაზე. ამ დანაშაულზე სულ ბრალდებულია 17 პირი.
მათგან 6 არასრულწლოვანია, რომელთა საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს. პროცესი, რომლითაც საქმის არსებითი განხილვა იწყება, სამ საათზეა ჩანიშნული.
დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
"დღეს სასამართლოზე ბრალდებისა და დაცვის მხარე წარადგენენ შესავალ სიტყვებს და შემდეგ გადავალთ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. ბრალდების მხარეს დღემდე რაიმე სახის ისეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს, შესაბამისად მისი ბრალეულობის ნიშნები ამ საქმეში არ იკვეთება,"- აცხადებს არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.
გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.