19 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ვერავინ გაიხსენებს ფაქტს, რომ მაღლაფერიძეს ვინმემ რაიმე დაავალა და იმის მიხედვით მოიქცა - დირექტორის გადადგომას ბორდის წევრები აფასებენ

ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს წევრებმა შეფასებები გააკეთეს. ბორდის ერთ-ერთი წევრი ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, რომ ვასილ მაღლაფერიძეს პოლიტიკური მიკერძოების საკითხში საყვედური არ ეთქმის, რადგან მას სხვისი დავალებით არასოდეს უმოქმედია. 

"ვასილ მაღლაფერიძეს აქვს, როგორც ჟურნალისტური, ისე პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე, მისი წარსულში პოლიტიკური საქმიანობა საზოგადოების თვალში შეიძლება ასახულიყო, როგორც გარკვეული აფილაცია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს საყვედური არ ეთქმით. ვერავინ ვერცერთ ფაქტს ვერ გაიხსენებს, რომ ვასილ მაღლაფერიძეს ვინმემ რაიმე დაავალა და იმის მიხედვით მოიქცა," - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარაშვილმა

სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე კი გამოყოფს საკითხს, რომელზეც ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ის განმარტავს, რომ მაღლაფერიძემ პოლიტიკაში წასვლაზე ცალსახად უარი განაცხადა და მისი შემდგომი კარიერა ტელესკოლას დაუკავშირა. 

"მან ახსნა წასვლის მიზეზები. ეს იყო დაკავშირებული რეპუტაციულ ნაწილთან მისსა და ტელევიზიას შორის ურთიერთობის საკითხში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მისი პასუხი, აპირებდა თუ არა ის პარლამენტში შესვლას, რაც ცალსახად უარყო და აღნიშნა, რომ ის თავის თავს ამ ეტაპზე მხოლოდ ტელესკოლას უკავშირებს," - აღნიშნავს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე.

პირველ არხს ახალი ხელმძღვანელი ერთ თვეში ეყოლება. იქამდე გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძეს ბორდმაც მოუწონა.

დღის ამბები