ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის დირექტორობის თანამდებობისთვის წინა კონკურსშიც იბრძოდა. ნინო ზაუტაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორების მხრიდან ტრენდად იქცა ის, რომ ისინი ვადის დასრულებას ბოლომდე არ მიჰყვებიან, რაც მისივე თქმით, ცუდი პრაქტიკაა.
"რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეკითხვაა პირადად ჩემგან, თანამშრომლებისგან, საზოგადოებისგან იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ - ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს, რაც არის ფაქტობრივად ამ წუთას ნულზე დაყვანილი. იმიტომ, რომ ერთია შენ რა მოგწონს და რა გააკეთე და მეორეა საზოგადოებამ როგორ მიიღო შენი გაკეთებული.
მოვკარი ყური, რომ ისევ და ისევ კომუნიკაციის არ არსებობის გამო, აუდიტის სამსახური არაგეგმიურად იყო შემოსული, ოღონდ ამას იქით, მე არაფერი არ ვიცი.
მოახლოებული არჩევნების წინ წასვლა პირველ ეჭვს რასაც ბადებს არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული არჩევნებთან, შეიძლება ის იყოს რომელიმე პოლიტიკური გუნდის სიაში, ან შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წავიდეს. არაფერი გამორიცხული არ არის იმ შემთხვევაში, როდესაც არაფერი არ ვიცით," - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა.
პირველ არხს ახალი ხელმძღვანელი ერთ თვეში ეყოლება. იქამდე გენერალური დირექტორის მოვალეობას თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ვასილ მაღლაფერიძეს ბორდმაც მოუწონა.