19 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
"პროკურატურის ბრალდებები სინამდვილეს არ შეესაბამება" - ექიმები საყოველთაო გაფიცვას გეგმავენ

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული ექიმების მხარდასაჭერად ამჯერად ახალი მოთხოვნებით შეიკრიბნენ. სხვდასხვა კლინიკის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ექიმთა საყოველთაო გაფიცვა დააანონსეს, თუმცა მოხდება თუ არა ეს დაკავშირებულია მოთხოვნების შესრულებასთან.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი, არჩილ მორჩილაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც გაფიცვისთვის ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს უხელმძღვანელებს.

"ბოლო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც განიხილავს ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებს გაფიცვის მომზადების მიზნით. ეს გადაწყვეტილება ძალაშია, ანუ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს არ არის იოლი პროცესი, მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად, ყველა ასოციაცია უდგება ამას პასუხისმგებლობით, რომ კანონმდებლობის ფარგლებში იყოს და ასევე არ დაზარალდნენ გადაუდებელი დახმარების მიმღები პაციენტები," - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდა ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.

"გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ბრალდებული ექიმები, შეიცვალოს მარეგულირებელი კომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც მოხდა პროკურატურის მხრიდან ექიმების დაკავება და შეწყდეს ექიმების ღირსების შელახვა. ეს თუ არის დღეს ერთი კლინიკის რამდენიმე ექიმის პრობლემა, ხვალ შეიძლება გახდეს ყველა ჩემი კოლეგის პრობლემა. პროკურატურის მიერ წამოყენებული ბრალდებები არ შეესაბამება სინამდვილეს," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ახლა 100 ათას ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული. ერთ ქირურგს კი აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა განესაზღვრა. რაც შეეხება მაგდა ხოჭოლავას, მას ბრალი დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. სამივე შემთხვევაში ითხოვენ აღკვეთის ღონისძიების ფორმის გაუქმებას. 

დღის ამბები